მიწისძვრა საქართველოში

საქართველოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრა ყველაზე მეტად იმერეთსა და რაჭაში იგრძნეს. სტიქიამ ონი და ონის რაიონი დააზარალა. სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა 1300 სახლი, 418 ოჯახი კი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი. ეს სახლები ან დაინგრა ან ისე დაზიანდა, რომ აღდგენას არ ექვემდებარება.
მთავრობის ინფორმაციით, დაზარალებულთათვის დასახმარებლად ბიუჯეტიდან თანხა უახლოეს მომავალში გამოიყოფა, თუმცა ზუსტი რაოდენობა ჯერ არ დასახელებულა.
გაერო-მ რაჭის მოსახლეობას კარვები, საბნები და სხვა პირველადი მოხმარების საგნები გადასცა.
სეისმოლოგების ცნობით, 8 სექტემბერს 02.43 საათზე, რიხტერის სკალით, 6-ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10-15 კილომეტრში იყო. ბიძგები მთელ საქართველოს ტერიტორიაზე იგრძნობოდა, მათ შორის ცხინვალის რეგიონში. რყევები სომხეთის ზოგიერთ რაიონშიც იგრძნეს. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სტიქიით ჯავის რაიონიც დაზარალდა. მიწისძვრა 9 სექტემბერსაც განმეორდა, ეპიცენტრი ამჯერადაც ონის რაიონში დაფიქსირდა.