Thursday, April 28, 2011

მიწისძვრა

მიწისძვრა – ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია იმისთვის, რომ შესამჩნევი იყოს ადამიანისთვის. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი.

მიწისძვრები ხდება დედამიწის ქერქში. დედამიწის გარეთა საფარი შედგება მოძრავი ქანებისაგან. ქანების მოძრაობა არ არის სწორი და თანამიმდევრული. ამ დროს აღინიშნება კუმშვითი და გამჭიმი ძაბვები. წნევა ქანებს აწვება და დედამიწის ზედაპირის რღვევას იწყებს დაგროვილი ენერგია სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრის სახით ვლინდება.
მიწისძვრის სიმძლავრე დამოკიდებულია მის ბუნებაზე და დედამიწის ზედაპირის მდგომარეობაზე. მიწა შეიძლება გაიხსნას, ამოიწიოს ან ჩაღრმავდეს. მთიან ადგილებში მიწისძვრამ შეიძლება გამოიწვიოს ზვავი ან მეწყერი, რომელსაც მოჰყვება გამდნარი ლავის მაგვარი თიხოვანი მასა. ხშირ შემთხვევაში, მეწყერის შედეგად, თიხოვანი და ქვიშიანი ნიადაგები ერევა ერთმანეთს და წარმოქმნის არამდგრად, მოძრავ ქანებს, ანუ ჭანჭრობს. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 1964 წლის ალასკის მიწისძვრის დროს.
გამანადგურებელი ბუნების ძალა
ბუნებრივი ძალებიდან მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელია. დიდი მასშტაბის მიწისძვრა შესაძლოა 10000-ჯერ მეტად დამანგრეველი იყოს, ვიდრე , მაგალითად, ატომური ბომბი, რომელიც 1945 წელს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩამოაგდეს. მიწისძვრის დროს დედამიწა თითქმის ისევე ირყევა, როგორც გემი ზღვაში. ზოგჯერ მიწის ზედაპირზე წარმოიქმნება მიწისძვრის, ანუ სეისმური ტალღები. 1906 წელს სან-ფრანცისკოს მიწისძვრის დროს, თვითმხილველების თქმით, გაჩენილი მიწის ტალღები 1 მეტრ სიმაღლეს აღწევდა. მიწისძვრის სიმძლავრის მიხედვით, მიწა შეიძლება ოდნავ ან ძლიერად შეირყეს, რის გამოც რელიეფი იცვლის ფორმას. მაგალითად, სან-ფრანცისკოში აღმოაჩინეს, რომ სან-ანდრეასის ნაპრალი 6 მეტრით იყო გადაადგილებული.
მიწისძვრების უმეტესობა გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში, მაგრამ ის შეიძლება გაგრძელდეს წუთით და ოდნავ მეტიც. მაგალითად, 1906 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრა მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა მაშინ, როდესაც 1964 წლის 24 იანვრის ალიასკის მიწისძვრა დედამიწას შვიდი წუთის განმავლობაში არყევდა. აქედან სამი საკმაოდ ძლიერი ინტენსივობის იყო.
ხშირად ძირითად მიწისძვრას თან სდევს შემდგომი ბიძგები. ყოველი მათგანი ნაკლებად ძლიერია წინანდელზე შედარებით. შემდგომ ბიძგებსაც შეუძლია დიდი ზიანის მიყენება. 1985 წელს ქალაქ მეხიკოში მომხდარმა მიწისძვრამ, მერკელის სკალის მიხედვით, 11 ბალი დააფიქსირა და ქალაქის ცენტრს დიდი ზიანი მიაყენა. მომდევნო დღეს შემდგომი ბიძგის ინტენსიობა 10 ბალს შეადგენდა და ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. ორმა მიწისძვრამ 10000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

No comments:

Post a Comment